მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში ვატო წერეთელზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.
"გუშინ, 2022 წლის 30 ივნისს კრიტიკული მაუწყებლის “ტელეკომპანია პირველის” დირექტორს ვატო წერეთელს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების” დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება უკვე დაადასტურა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია შეშფოთებულია მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტით, ასევე ძალადობრივი ქმედებების შემდეგი შეფასებებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს მედიაგარემოს და საშიშს ხდის ქვეყანაში ჟურნალისტურ საქმიანობას.
კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს და გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. " ნათქვამია განცხადებაში.
ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ. ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა მონაწილეობდნენ ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.
თავდასხმასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება აშშ-ს საელჩომ გუშინვე გაავრცელა.