1 დღე მასშტაბურ აქციამდე - 3 ივლისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი, მოძრაობა "სირცხვილიაა", რომელიც აცხადებს, რომ კვირას ღამეს რუსთაველზე გაათენებენ.
გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.
"ფუნდამენტურად საჭიროა, რომ ჯიუტი, ხანგრძლივი და განგრძობადი პროტესტი გვქონდეს. მოქალაქეებს არ უნდა ეგონოთ, რომ ერთხელ მოსვლით ისინი აუცილებლად შეცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ, ჯიუტად, ორგანიზებულად და დისციპლინურად უნდა გამოვიდნენ გარეთ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და იბრძოლონ იმისთვის, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ შედეგს", - თქვა აქტივისტმა, დაჩი იმედაძემ.
ხვალინდელ აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, მათ შორის სტუდენტები რეგიონებიდანაც. ისინი მმართველ გუნდს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეებში სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, 3 ივლისის აქციაზე მაინც ბევრი სტუდენტი მივა.
"მოთხოვნები თუ რამდენიმე დღის წინ სხვა გვქონდა, ეს უცვლელი რჩება, თუმცა ამ მოთხოვნებს დაემატა ყველაზე მნიშვნელოვანი, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სტუდენტებს გვაქვს მოთხოვნა, რომ შეჩერდეს ოცნების მიერ დაგეგმილი პროვოკაციები, ამით ვერაფერს მიაღწევენ, სტუდენტები მაინც გამოვლენ 3 ივლისს აქციაზე, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით რეგიონებიდანაც, გვიერთდება ბათუმის უნივერსიტეტი გვიერთდებიან ქუთაისი უნივერსიტეტები", - თქვა ლუკა ჭოხონელიძემ.
აქციისთვის ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, საპროტესტო მუხტი არ განელდება მანამ, სანამ ხელისუფლება მოქალაქეების მოთხოვნებს არ შეასრულებს.
შეგახსენებთ, სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისს გამართულ აქციაზე გააჟღერა. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს. ამ მოთხოვნას ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს.
ფოტო: მოძრაობა სირცხვილია