კახა კალაძე კიდევ ერთ ხელოვნურ საცობს ქმნის. ამჯერად ისევ კახეთის გზატკეცილია გადაკეტილი. რემონტი ზუსტად იმ ხიდზე მიმდინარეობს, რომელზეც სამუშაოები ორი წლის წინ ჩატარდა და ასობით ათასი დაიხარჯა. ამჯერად მშენებლებმა ხიდის მოაჯირები და შუა გადაბმა უნდა გამოცვალონ, რომელიც წინა რეაბილიტაციისას გაურკვეველი მიზეზით ხელუხლებელი დატოვეს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, დაზუსტებით არავინ იცის - მშენებლმა კომპანიამ მინიმუმ ერთი თვე მოითხოვა; თბილისის მერიაში საერთოდ ვერაფერს განმარტავენ იმაზე, რატომ არ ჩატარდა სამუშაოები პირველი რეაბილიტაციისას ან მაგისტრალზე გზის საფარის შეცვლისას.
კახეთის გზატკეცილი დღეს კიდევ ერთხელ გადაკეტეს. ამჯერად, კოლაფსის მიზეზი ე.წ დამპალოს ხიდზე მიმდინარე სამუშაოებია. ორი წლის წინ გარემონტებულ ხიდზე, 244 ათას ლარზე მეტი იმაში დაიხარჯება, რომ ხიდის სადეფორმაციო ნაკერების და მოაჯირების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს. გაირკვა, რომ ხიდს ე.წ საგზაო რკინის გადასაბმელები თავსა და ბოლოში ორი წლის წინ გაუკეტეს, შუა ნაწილი კი გამორჩენილია. არადა, გასულ წლებში კახეთის გზატკეცილზე გზის საფარის დასაგებად მილიონები უკვე დაიხარჯა და ე.წ ვარკეთილის ხიდებიც შეკეთდა.
სამუშოებს კომპანია შპს "იოსება" ასრულებს, - ოპოციზიისთვის გაუგებარია რატომ გამოიყო დამატებიტი თანხა თბილისის მერიამ ხიდის გამორჩენილი ნაწილების რეაბილიტაციისთვის და რატომ არ გააკეთეს ის გასულ წლებში სხვა სამუშაოებთან ერთად.
ხიდი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე მდებარეობს, სამშაოების წინ გამოტანილი ბანერით თუ ვიმსჯელებთ, ასეთ მდგომარეობაში კიდევ ერთი თვე იქნება გადაკეტილი. ამ მონაკვეთზე მუდმივად ასობით მანქანა მოძრაობს. მძღოლებს კარგად ახსოვთ, რომ აქ ბოლო წლებია სამუშაოების გამო სულ საცობია.
თბილიის მერიაში გვპასუხობენ, რომ ხიდზე მხოლოდ გეგმიური მონიტორინგით დაგეგმილი სამუშაო მიმდინარეობს. მაგრამ კითხვაზე, რატომ სჭირდება ამას ერთი თვე, მერიაში პასუხი არ აქვთ. არ პასუხობენ არც მთავარ საკითხს, რატომ გამორჩათ ხიდის შუა ნაწილზე არსებული გადასაბმელის შეკეთება. დაწყებული სამუშაოების შესახებ კითხვები აქვს თბილისის საკრებულს წევრს "ევროპული საქართველოდანაც".
როგორც აღმოჩნდა, კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო კოლაფსი ისევ გაგრძელდება, ამჯერად იმ სამუშაოების შესასრულებლად, რომელიც, წესით, გზის საფარის დაგებამდე და ხიდის რეაბილიტაციის დროს - პირველ ჯერზე უნდა გაკეთებულიყო.