ვახტანგ გომელაურმა ქალიშვილს ქორწილი მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში გადაუხადა. 700 სტუმრისთვის გაშლილი სუფრა, 5 ათას ლარიანი საპატარძლო ტორტი, ანსამბლი შვიდკაცა და ერისიონი სცენაზე - ყველაზე მოკრძალებული გათვლებით შს მინისტრს შვილის ქორწილი მინიმუმ 140 ათასი ლარი დაუჯდებოდა.
მინისტრის ხელფასი მისი ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით თვეში 6 ათას ლარზე ოდნავ მეტია. გომელაურების ოჯახში სხვებსაც აქვთ შემოსავალი, მაგრამ ვერცერთი ოფიციალური დოკუმენტით ვერ დგინდება საიდან შეიძლება ჰქონოდა მინისტრის ოჯახს ლეგალური შემოსავალი, ასეთი მდიდრული წვეულების მოსაწყობად.
ვახტანგ გომელაურის ქონება რომ თანამდებობაზე მოსვლისთანავე დიდი სისწრაფით იზრდება, მისი დეკლარაციიდანაც კარგად ჩანს. მინისტრობამდე მის სახელზე მხოლოდ ვარკეთილის ოროთახიანი ბინა ფიქსირდებოდა, ახლა კი არაერთი ძვირადღირებული ვილის მფლობელია. მმართველი გუნდის ოპონენტებმა კარგად იციან, რომ გომელაურს მილიონობით ლარის ბიზნესი , მათ შორის სათამაშო და სამშენებლო სექტორში, თავის ნათელმირონზე, დავით ველიჯნაშვილზე ფიქტიურად აქვს გაფორმებული. თუმცა გომელაური ამას უარყოფს.