ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ათანხმებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ ივლისი დასვენების ნაცვლად, რიგგარეშე საპარლამენტო სესიებისთვის გამოიყენონ, რათა ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულების პირველი ეტაპი დაიწყოს.
პარლამენტში დღეს ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები შეიკრიბნენ და ევროკომისიის პირობების შესრულებისთვის საკუთარ გეგმაზე იმსჯელეს. ამბობენ რომ საკანონმდებლო ორგანომ ივლისში რიგგარეშე სხდომების ფორმატში უნდა იმუშაოს, მიიღოს ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ევროკომისიის მოთხოვნებშია გაწერილი.
ხალხის არცერთი მოთხოვნის შესრულებას რომ ოცნება არ აპირებს, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დღეს ბრიფინგზე გამოსულმა ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტია არასამთავრობოებს აკრიტიკებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირისგან დაყენებული 12 პირობის შესრულება მათივე გეგმით მოხდება, რაც იმას ნიშნავს რომ არაფერი არ მოხდება და მხოლოდ კომისიები შეიქმნება, რომელიც დეკემბრამდე ოცნებას დაეხმარება დრო გაიყვანოს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის შემდეგ, პარლამენტში საგანგებო განცხადების გასაკეთებლად მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. იგივე გზავნილებით და ტერმინოლოგიით რაც ირაკლი კობახიძეს ჰქონდა. ოცნება არ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებებით დაიწყოს ევროკავშირის 12 პირობის შესრულებას. არც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, არც საარჩევნო კოდექსს გადახედავენ და არც პოლიტპატიმრების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტას გეგმავენ.
საკანონმდებლო ცვლილებებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად, მთავარი ოპოზიციისთვის დეოლიგარქიზაციის საკითხია. ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და არ გახდეს მთავარი დაბრკოლება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროპამ საქართველოსთვის დროის ათვლა დაიწყო. სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 პირობის შესრულების ვალდებულება აქვს. მათგან ყველა შესრულებადია, თუ მმართველი პარტიიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება.