2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზეა საუბარი და წერია, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები კვლავ ხდებიან ხელისუფლების სამიზნე.
ამავე კონტექსტში განცხადებაში საუბარი შეეხო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასაც. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მის მიმართ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ერთი წლის თავზე კვლავ არ გამოუვლენია და შესაბამისად, არ დაუსჯია. პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც. დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში: მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.
დღეს ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხდებიან სამიზნე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო. მათ სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება, თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები. საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ მათი ოჯახის წევრებიც.
ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი იკვლევენ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს.
პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. იგი პასუხისმგებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ხელშეშლის თავიდან აცილებაზე. სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები. Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები
შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია
გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები", - წერია განცხადებაში.
კოალიციის წარმომადგენლებმა ეს განცხადება პროკურატურასთან გააკეთეს.
ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წელი გავიდა. ზუსტად ერთი წლის წინ პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. მათი მიზანი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების, "ღირსების მარშის" ჩაშლა იყო.
ძალადობამდე რამდენიმე წუთით ადრე განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არა მოძალადეებს, არამედ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მიმართა და ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა.
საბოლოო ჯამში, 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ 53 ჟურნალისტს, მათგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა; მათ დაარბიეს "თბილისი პრაიდისა" და "სირცხვილიას" ოფისები, თბილისი პრაიდს კი, უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.
ამ დრომდე, საქმეზე დაკავებული არ არიან ძალადობის ორგანიზატორები. უფრო მეტიც, პრორუსული ალტ ინფოს წევრები და თავდასხმების მთავარი ორგანიზატორები, მუქარის შემცველ განცხადებებს საჯაროდ წელსაც აკეთებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი კი კვლავ პრემიერმინისტრის პოსტს იკავებს.