ოპოზიცია და მესამე სექტორის დღეს პარლამენტში შეიკრიბა და ევროკომისიის 12 პირობის შესრულების გეგმაზე იმსჯელა - ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს მოქმედებაზე გადავიდეს და რიგგარეშე სესიები ივლისში დანიშნოს. მათი თქმით, პარლამენტის 5 სხდომა ჭირდება იმას, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რამდენიმე უკვე შესრულდეს. მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნოს რეფორმა და ანტიკორუფციული კანონმდებლობა.
12 პირობის შესრულების პირველი ეტაპისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა. პარლამენტში მისული არასამთავრობოები დღეს აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიისგან ვერ ხედავენ მზაობას ეს პირობები შესრულდეს და საზოგადოებამ მათ დროის გაყვანის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.
4 დათმობა 4 სექტემბრამდე - პოლიტპატიმარმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები წარუდგინა საზოგადოებას. ნიკა გვარამიამ გზავნილით რუსთავის ციხის 212- საკნიდან ოცნებას მიმართა.
ოცნებას არცერთი გზავნილისა და მოწოდების მოსმენა არ უნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მიუღებელია ევროკომისიის მოთხოვნების მეხუთე პუნქტი - რომელიც ქვეყნის დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. მმართველ პარტიას ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ ევროკავშირის მოთხოვნები ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს. არადა ევროპარლამენტის რეზოლუციაში სტრატეგიულმა პარტნიორებმა პირდაპირ დაწერეს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება ბიძინა ივანიშვილია.
ოცნების დეპუტატების ყველა ეს განცხადება ოპოზიციისთვის ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დრო გაიყვანოს და ეს 6 თვე გადააგოროს. ყოფილი თანაგუნდელები დღეს დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ამხილა. მან ოცნებას ღალატის პარტია უწოდა და პოლიტიკურ ვაჭრობაში დასდო ბრალი.
ოპოზიცია რამდენიმე დღეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. ხელისუფლების ოპონენტები მიმართავენ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს და რიგგარეშე სხდომები დანიშნოს. ოცნება კი მხოლოდ კომისიების შექმნაზე საუბრობს. პირველი ასეთი კომისია - დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის - პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, 7 ივლისს შეიკრიბება.