ოკუპირებულ ცხინვალში ზაფხულის განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმების ღია ცის ქვეშ ჩვენება მოეწყობა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ ცხინვალის ადმინისტრაციის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა იგორ ტასოევმა მედიასთან თქვა, რომ პროექტი 8 ივლისს 19:00 საათზე ცხინვალის თეატრალურ მოედანზე დაიწყება.
როგორც ტასოევმა აღნიშნა, ზაფხულის მთელი პერიოდის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის მოქალაქეებსა და სტუმრებს შეეძლებათ, ისიამოვნონ ფილმებით, რომლებიც უკვე მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. საუბარია საბჭოთა პროპაგანდისტულ კინოზე, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ფილმებზე.
თეატრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეკრანი განთავსდება, მაყურებლისთვის კი 70 სკამი იქნება. ფილმების დაწყებამდე კი ბავშვებისთვის ასევე საბჭოთა მულტფილმების ჩვენება გაიმართება.