შეუცვლელი რიტორიკა და პროპაგანდა ქართული ოცნების მხრიდან - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ თუ საქართველო დეკემბრამდე ომში ჩაერთვება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მიიღებს. ეს განცხადება კიდევ ერთი გზავნილია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი 12 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ოცნება ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულებაზე არ იზრუნებს, დროს მიზანმიმართულად გაიყვანს, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენას კი ოპოზიციასა და სტრატეგიულ პარტნიორებს დააბრალებს.
ენმ-ში ამბობენ, რომ კობახიძის ეს განცხადება რუსული დავალების შესრულება და ქართული ოცნების რეალური გეგმაა. "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით კი ქართული ოცნებას ერთადერთი დღის წესრიგი აქვს - ქვეყანა არ გაწევრიანდეს არც ნატოში და არც ევროკავშირში:
"სანამ ეს ხალხი მართავს ჩვენს ქვეყანას, არანაირი პროგრესი არ გვექნება და კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ და 6 თვით ადრე, მმართველი გუნდი ამისთვის ამზადებს საზოგადოებას და ატყუებს, თითქოს ომში ჩართვას სთხოვს ვინმე საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ამბობს სალომე სამადაშვილი.
დამაზიანებელი და ანტისახელმწიფოებრივი- ასე აფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე. "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი კი ამბობს, რომ ოცნება ცდილობს პასუხისმგებლობა დააკისროს ოპოზიციას და დასავლეთს, მიზანი კი ხელისუფლების შენარჩუნებაა.
თუ დეკემბრის ბოლომდე საქართველოში ომი დაიწყება, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი - ეს განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 5 ივლისს გააკეთა.