
ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარში 1 სექტემბრიდან ოკუპანტები სასწავლო წლის განახლებას რუსული პროგრამებით გეგმავენ, - ინფორმაციას ენერგოდარის მერი, დმიტრო ორლოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ოკუპანტები კადრების დიდ დეფიციტს განიცდიან, ამიტომ იქ მასწავლებლების ჩაყვანას ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთიდან გეგმავენ.
"ენერგოდარში დამპყრობლებმა განაცხადეს, რომ 1 სექტემბრიდან აპირებენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას რუსული პროგრამების მიხედვით. ამასთან, აშკარაა, რომ დამპყრობლები კადრების დიდ დეფიციტს განიცდიან და მათი განზრახვის რეალიზება ძალიან გაუჭირდებათ", - წერია განცხადებაში.
ორლოვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა არაერთხელ შესთავაზეს სამსახური ადგილობრივ მასწავლებლებს, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღეს.
ქალაქის მერმა დასძინა, რომ არსებობს შესაძლებლობა, ენერგოდარი დამპყრობლებისგან გათავისუფლდეს და იქ ახალი სასწავლო წელი კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ განახლდეს.