მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობოებს, ოპოზიციას - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კახა ოქრიაშვილი წერს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე,  "ფსევდო-ოპოზიციურ" პარტიებს, როგორადაც ის "გირჩსა" და "მოქალაქეებს" მოიხსენიებს, არ უნდა მიეცეთ საშუალება ხმები "ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ".

ოქრიაშვილი  მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს აქტიურობისა და "პოლიტიკურ აფერისტობაში ჩართული პირების" გამოვლინებისკენ მოუწოდებს.

"ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.  ვადასტურებ - დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან.

რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები „ოცნების“ ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ - მოხვდნენ პარლამენტში, როგორც „ოცნების“ ოპონენტები და მოხვედრის დღიდან იქცნენ მათ პარტნიორებად. ამ პარტიების წევრები გუშინ სიამაყით აცხადებდნენ, რომ ღიად ვაჭრობენ „ოცნებასთან“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 

ლუსტრაცია დაწყებულია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებს და არამხოლოდ ამ ორს, არ უნდა მივცეთ საშუალება, ხმები ოპოზიციურ ელექტორატში მოიპოვონ და შემდეგ სადეპუტატო მანდატები „ოცნებას“ მიჰყიდონ.  

მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციურ პარტიებს - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები, რათა ქართველი ხალხი, კენჭისყრის წინ არ შევიდეს შეცდომაში, თუ ვინ არის რეალური ოპოზიცია და ვინ - არა! 

P.S. კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას წინ დიდი და ნათელი მომავალი აქვს! ", - წერს ოქრიაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი