კადრები, რომლებსაც პროკურატურა მალავდა - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ექვსწუთიანი ეპიზოდი, ბურუსით მოცულ საქმეში, შესაძლოა, საკვანძო გახდეს.
ვიდეოში, რომელიც "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროვდა, კარგად ჩანს, რომ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილი ჩერდება. მანქანიდან გადმოსული ადამიანები სწრაფად მისდევენ ახალგაზრდებს და ზუსტად 6 წუთით უჩინარდებიან სათვალთვალო კამერის მხედველობის არეალიდან ბნელ ჩიხში.
კამერაში არ ჩანს, რა ხდება დროის ამ მონაკვეთში, თუმცა ჩანს, რომ სადამსჯელო რაზმის წევრები გაუჩინარების შემდეგ, ისევ უკან ბრუნდებიან და ტერიტორიას ამავე მანქანით ტოვებენ.
ნიკა გვარამიას გადაცემაში გასაჯაროვდა ვიდეომტკიცებულებების კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც ჩანს დიჯეი კოკო, რომელიც სავარაუდო საფრთხის გამო, ცენტრალური გზის მიმართულებით გარბის, ტაქსის აჩერებს და ტერიტორიას ტოვებს.
პროკურატურამ გავრცელებული ვიდეოდან აღნიშნული კადრები ამოჭრა და არც საქმის მასალებში მიუთითა. უფლებადამცველების ვარაუდით, სწორედ ამ ეპიზოდში მოხდა შაქარაშვილზე თავდასხმა ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ.
ახსნა იმისა, თუ რატომ დამალა, არის მარტივი, რაღაც არ უნდა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. თუმცა ამის დამალვას ზოგადად აზრი არ ჰქონდა, ეს არ დაიმალებოდა - ამბობს ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე კი გავრცელებულ მასალაში საყურადღებოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ვინაიდან ავტომობილი არ დაძრულა, ხელჩასაჭიდ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ.
პასუხგაუცემელი რჩება, თუ რატომ დამალა საგამოძიებო უწყებამ საქმის უმნიშვნელოვანესი კადრები. არც ის ვიცით, რატომ არ დაიწყო იმ ღამესვე გამოძიება. თუმცა, ფაქტია, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედია თავიდან აცილებული ყოფილიყო.