"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც დეკემბერში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს პარლამენტი კონსტიტუციურ კანონს მიიღებს, რომლის თანახმადაც 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.
კობახიძეს ამბობს, რომ ამ საკითხზე ვალდებულება არ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ და ასეთ დროს კანონის მიღება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული. მისივე აზრით, სტატუსის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში პოლარიზაციის დონე შემცირდება, რაც მისცემს მათ საშუალებას ბარიერი დაწიონ.
"მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება", - თქვა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას "ქართული ოცნება" ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე იღებს.