კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. ისინი კვლავ აუცილებლად მიიჩნევენ მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანას და განმარტავენ, რომ მკურნალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება, მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს.
ამასთან, ოჯახი ისევ ითხოვს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას, იმისთვის რომ მათაც შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და ამ საკითხზე კითხვები არ დარჩეს.
"უნდა მოვინახულოთ პრეზიდენტი, ვინაიდან მასთან ბოლო ვიზიტი იყო 2 კვირაზე მეტი ხნის წინათ და უბრალოდ, პროტოკოლურად აუცილებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. მისი მკურნალობა არ მიმდინარეობს ისე, როგორც საჭიროა. ალტერნატიული კომისია მოითხოვდა თავიდანვე უცხოელი ექსპერტების ჩართვას და ჩვენს საექსპერტო ჯგუფში არის უცხოელი ექსპერტი უკვე. თუ ვინმე დამატებით გამოთქვამს სურვილს, რომ მონაწილეობა მიიღოს, ჩვენ მივესალმებით ამას, ვინაიდან, დარწმუნებული ვართ, უფრო გაამყარებენ ჩვენს არგუმენტებს", - თქვა ექიმმა, ოთარ თოიძემ.
ცნობისთვის, ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტი გუშინ მოინახულეს. სამედიცინო დასკვნა ფინალურ ეტაპზეა, თუმცა უკვე ცნობილი ხდება, რომ "ვივამედში" გატარებული ორი თვე მიხეილ სააკაშვილისთვის უშედეგო აღმოჩნდა.
ამავე თემაზე: