მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ. ინიციატივა მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველს, შალვა ხაჭაპურიძეს ეკუთვნის.
ის უკვე იმყოფებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში, სადაც ამ საკითხზე შეხვედრები გამართა. შესაბამის პასუხს ადვოკატი 2 დღეში ელოდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, გამოგზავნის თუ არა ევროკავშირი იურისტებისგან შემდგარ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მესამე პრეზიდენტის საქმის მონიტორინგში ჩაერთვება.
მთავარი ამოცანა სასჯელის გადავადების მექანიზმის ამუშავებაა, ამიტომ უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, დამკვირვებლები სამედიცინო ექსპერტიზის პროცესშიც ჩაერთონ.
"საუბარი იყო ძირითადად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან შემდგომ საქმის მსვლელობაზე გამოყონ სპეციალური წარმომადგენელი, ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, ცენტრ "ემპათიაში" ექიმები დოკუმენტის ბოლო დეტალებს ათანხმებენ. სავარაუდოდ, დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება საჯარო.
"მიმდინარეობს უკვე ფინალური, შემაჯამებელი დასკვნების დამუშავება და შეთანხმება მულტიდისციპლინურ ჯგუფთან. გარდა დასკვნებისა, ველოდებით დამატებით შეკითხვებს ადვოკატებისგან და გაიცემა უკვე დასკვნით ნაწილში პასუხი იმ შეკითხვებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დაწყების მომენტისათვის და შემდგომში, დამაზუსტებელ შეკითხვებზე. გუშინ მივიღეთ სამედიცინო ბარათი, ბოლო ჩანაწერები კლინიკა "ვივამედიდან". შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი მნიშვნელოვანი პროგრესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ არის. მკურნალობა მიმდინარეობს კვლავ სიმპტომურად. ვერ მოხერხდა ცვლილებების შეტანა ადეკვატურად შესაბამისად, მდგომარეობა რჩება მძიმე", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.