იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრს, შინძო აბეს თავს დაესხნენ. ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლის დროს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.
ერთი ტყვია მას ზურგში მოხვდა და დაეცა. ის საავადმყოფოში გულ-ფილტვის გაჩერების მდგომარეობაში გადაიყვანეს. ეს ტერმინი იაპონიაში ხშირად გამოიყენება სიკვდილის დადასტურებამდე.
მისი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აბე უგონო მდგომარეობაში იყო, ადგილობრივი მაუწყებელი NHK კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 67 წლის ყოფილ პრემიერს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
41 წლის თავდამსხმელი იამაგამი ტეცუია პოლიციამ ადგილზე დააკავა. მედიის ცნობით, მას გაქცევა არ უცდია.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში იარაღის შესახებ კანონები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და იქ ამგვარი თავდასხმები იშვიათია.
შეგახსენებთ, შინძო აბე იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. ის თანამდებობიდან 2020 წელს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადგა.