"სამართალი თითქოს ცდილობს, რაღაცნაირად იზეიმოს" - ნატა ფერაძე ე.წ. კრებსების საქმეში დაზარალებულად ცნობაზე

გამოქვეყნდა:

"ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი გრძნობაა, რომ სამართალი თითქოს ცდილობს, რაღაცნაირად იზეიმოს", - ასე ეხმაურება "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე ე.წ. კრებსების საქმეზე მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

როგორც ფერაძემ აღნიშნა, ამ საქმეში ბევრი ადამიანია, რომლებიც ასევე დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილი. 

"უამრავი ადამიანია, ვინც ამ კრებსებში იყო და სავარაუდოდ, ყველა უნდა იყოს ცნობილი დაზარალებულად. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენი კრებსები არ გამოუტანიათ. ჯერ გამოგვიტანეს მარტო ეკლესიასთან დაკავშირებით "პაპკა". ეს არის დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელი პირობა", - თქვა ნატა ფერაძემ.

საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა იხსენებს, რომ დაზარალებულად ცნობა როგორც პროკურორისგან, ასევე ზემდგომი პროკურორისა და სასამართლოსგან არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა სტატუსის მინიჭება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც სარჩელი სტრასბურგში გაგზავნეს.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვამდე, ჩვენ მივმართეთ პროკურორს, მოვითხოვთ დაზარალებულად ცნობა და გვეთქვა უარი. შემდეგ ეს გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან და ასევე სასამართლოში, თუმცა ყოველ შემდგომ ინსტანციაში გვეთქვა მისი დაშვების ცნებაზე უარი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რამდენიმე დღეში ქალბატონ ნატა ფერაძეს შეატყობინეს, რომ ის დაბარებულია დღეს პროკურატურაში, რომ ცნონ დაზარალებულად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა. 

დაზარალებულის სტატუსის მოლოდინშია "ფორმულას" ჟურნალისტი, თამარ ჩიხლაძეც:

"ველოდებით უკვე სტრასბურგში გაგზავნას მთელი საქმის და ვმუშაობთ ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ ნატა ფერაძე მაინც იქნა ცნობილი დაზარალებულად. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა გავრცელდეს ჩემზეც. არ მაქვს ეროვნული სამართალწარმოების განსაკუთრებული იმედი და ამიტომ მიდის ეს ყველაფერი სტრასბურგამდე. ვფიქრობ, ამ ყველაფერს დაერქმევა სახელი", - თქვა მან.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პროკურატურამ ე.წ. კრებსების საქმეზე პირველ დაზარალებულად ნატა ფერაძე დაასახელა. ამასთან დაკავშირებით ის დღეს საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათზეა დაბარებული. 

საქმე ეხება 2021 წელს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ერთ-ერთ ჩანაწერში გაშიფრულია ნატა ფერაძის და ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის საუბარი, რომელიც სასულიერო პირის მხრიდან ტრანსგენდერების დახმარებას უკავშირდება. საქმეში საინტერესოა ერთი დეტალი - ისინი ამ თემაზე არა ტელეფონით, არამედ ფერაძის სახლში საუბრობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი