საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი კონგრესში სულ უფრო პოპულარული ხდება. მარკვეინ მალენის ინიციატივას კიდევ ერთი რესპუბლიკელი ჩარლზ ფლეიშმანი შეუერთდა.
ის უკვე მეექვსე კონგრესმენია, რომელიც ითხოვს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუარესებაში მონაწილე ყოფილ, თუ მოქმედ ოფიციალურ პირებს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდეთ, რაც მათი ანგარიშების გაყინვას და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკული ვიზების გაცემის აკრძალვას გულისხმობს.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ ქართული ოცნება, დასავლეთის მუდმივი მოტყუებით და მათი მოწოდებებისა და რეკომენდაციის იგნორირებით ბოლოს საქმეს სანქციებამდე აუცილებლად მიიყვანს.
„ქართული ოცნება ძალიან სწრაფი ტემპით მიექანება სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ და ჩვენთვის სამწუხაროდ, ამ ჭაობში მიაქანებს საქართველოსაც“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
პოლიტიკური მოძრაობის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. უსუფაშვილის თქმით, საკმაოდ რეალურია რომ სანქციებზე საუბარი რეალობად იქცეს, რაც ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იქნება.
„სანქციებზე ლაპარაკი თუ ქმედებაში გადავიდა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნის პრესტიჟის და ავტორიტეტისთვის. გაგრძელდება ეს კრიტიკული წერილები და შენიშვნები, ეს შესაძლოა, გადაიზარდოს ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებსაც მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“ - განაცხადა უსუფაშვილმა.