"ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ ეს დემონსტრაციებიც, ისევე როგორც სხვა დემონსტრაციები, დასრულდა უშედეგოდ" - ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, უცხოელი ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე პასუხისას.
მედია დაინტერესდა რა დამოკიდებულება აქვს მთავრობის მეთაურს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზე.
ღარიბაშვილი მას "ოცნების" დამსახურებებზე ესაუბრა:
"მე მინდა კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში, თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში... ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩავაბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ამაყად, თამამად ითქვას, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში. ამასთან, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.
რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვები, უშედეგოდ დასრულდა. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას" ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და
შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციაში მასთან ერთად არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.