"არამარტო რუსეთთან... სადაც იქნება იაფი საწვავი, იქიდან შემოვიტანთ" | სოსო ფხაკაძე ოკუპანტებთან მოლაპარაკებას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოსთვის შესაძლოა, მთავარი ნავთობ იმპორტიორი გახდეს. კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ისინი ოკუპანტ ქვეყანასთან საწვავის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მანამდე სოსო ფხაკაძე ამბობდა, რომ ცდილობდნენ ეპოვათ ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ევროპული საწვავი.

"ჩვენ ვცდილობთ დღემდე და გვინდა, რომ ვიპოვოთ ისეთი წყარო საწვავის, რომელიც უფრო იაფი იქნება ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღეს შემოგვაქვს. ვმუშაობთ დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს იქიდან შემოვიტანთ. ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება ბიზნესის“, - თქვა მან.

კითხვას - მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან, ფხაკაძემ უპასუხა: "არამარტო რუსეთთან. ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სადაც უნდა იაფი იქნება საწვავი, თუ ნებისმიერი პროდუქტი იქიდან შემოვიტანთ. ბიზნესი ოპერირებს რას - რაც შეიძლება დაბალი იყოს ხარჯები და მოიგოს უფრო მეტი". 

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ უახლოეს მომავალში საქართველო რუსულ ნავთობზე სრულად დამოკიდებული გახდება. 

"ის, რომ რუსული საწვავი არის იაფი, სინამდვილეში ტყუილია და იტყუება ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ამ შემთხვევაში სოსო ფხაკაძეც. მათ სურთ უბრალოდ ხელი შეუწყონ რუსული ნავთობპროდუქტების გასაღებას საქართველოში. ის რომ მათი ეს განცხადებები ფასთან მიმართებაში ტყუილია, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. ერთი მხრივ ბოლო თვეში პირველ ადგილზე გადავიდა რუსეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტები, თუმცა ფასი ნაცვლად იმის რომ შემცირებულიყო, გაიზარდა. ძალიან ძვირი დაუჯდება ეს პრემიერმინისტრსაც და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელსაც ჰქვია რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტების გასაღება საქართველოში", - თქვა "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა, ვასო ურუშაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი