ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო გუნდის კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატის ღია გზავნილი. დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს რომ ქვეყანა დასავლეთიდან და რუსეთიდან ორმხრივი ზეწოლის ქვეშაა და  შეერთებული შტატების ელჩს მოუწოდებს გაემიჯნოს დესტრუქციას:

"ამერიკის ელჩს შეუძლია ნეგატიური დუმილის ნაცვლად, პოზიტიურად გამიჯნოს გამიზნული დესტრუქცია და შესაძლო ომი საქართველოში, პროცესის სწორი განვითარების შესაძლებლობისაგან, რაც დიდი და პატარა ქვეყნების საერთო ინტერესში უნდა იქნას განხილული და არა ცალმხრივად.

რეალურად დღეს საქართველო და მისი ხელისუფლება ორმხრივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება; ერთი მხრივ, დასავლეთის მხრიდან ქრონიკული ღია კარის პოლიტიკით და მეორეს მხრივ, რუსეთიდან ოკუპირებული ტერიტორიების შანტაჟითა და იარაღის ჟღარუნით. საქართველოს კი თითქოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრის უფლებაც არ აქვს.

ევროინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საზოგადოების არჩევანია და ის მიმზიდველია სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის გამო და არა მის გარეშე.

უსამართლობა მიუღებელი იყო რუსული და უსამართლობა მიუღებელია დასავლურიც. ასეთ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ ისაუბრა თავად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს ომი, რომელიც მის ინტერესებში არ შედის და მისთვის სასიცოცხლოდ სახიფათოა. და თუ ამას ვინმე რუსულ ნარატივს არქმევს, მაშინ რატომ საუბრობენ "პროევროპელი" ქართველი პოლიტიკოსები, და არა მხოლოდ ისინი, ომის რიტორიკით და ხელს უწყობენ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას, რაც ასევე ომის პერსპექტივას ნიშნავს.

საქართველოს არ სურს უკრაინის ბედი გაიზიაროს და მხოლოდ ეს იყოს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთადერთი გზა.

ამერიკის ელჩის დუმილი და ომის პარტიების ირიბი თუ ღია მხარდაჭერა ანგრევს საქართველოში ევროატლანტიკურ ღირებულებებს.ეს არის სწორედ ეფესბეს მიზანი და ყველაზე დიდი ხიფათი საქართველოსთვის“ ამბობს ხუნდაძე.

ხუნდაძემდე კელი დეგნანს ღია წერილით  მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, სადაც  ქართული ოცნებიდან ფორმალურად გასული დეპუტატი  აცხადებს, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი განცხადებები თუ დუმილი.  

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა FSB-ს სახელმძღვანელოებში, არამედ დეგნანისგან დაფინანსებულ თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებში უნდა ეძებონ. 

ელჩი დეგნანისთვის გაგზავნილ წერილში დეპუტატი ყაველაშვილი ისევ თავს ესხმის სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი