
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები შეძლებენ, კონფლიქტის სამხედრო ფაზის დასრულებას წლის ბოლომდე და ასევე, მოახერხებენ, რომ ამ დროისთვის აიძულონ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„თუ ჩვენი სახელმწიფო იქნება ერთიანი, როგორიც არის ახლა, თუ მძლავრი იარაღი დროულად მოვა ჩვენი პარტნიორებისგან და თუ იღბალი და ღმერთი ჩვენ გვერდით იქნება, ამ წლის ბოლომდე ბევრს შევძლებთ",- ამბობს ზელენსკი.
მისი თქმით, იარაღი, რომელიც უკრაინამ მიიღო დასავლელი პარტნიორებისგან, უკვე იძლევა შედეგს ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლე დროში მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს რუსული არმიის მომარაგების სისტემას და ჩაშალეს მისი ლოგისტიკა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერ ლოკალურ გამარჯვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიომ გააგრძელოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ.