ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
18 პარტიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის თქმით 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არაა და ამას საერთაშორისო პარტნიორებიც აღნიშნავენ.
გიორგი რურუა უნდა იქნეს გათავისუფლებული. ეს მოთხოვნა იქნება ბოლომდე. არჩევნები ვერ შედგება საქართველოში პოლიტიკური პატიმრის ყოლით, - განმარტავს გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია კი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ნაბიჯები საფრთხეს უქმნის პოლიტიკაში ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმას.
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
მუდმივად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოთხოვნაა ამასთან დაკავშირებით. ეს წნეხი გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, რომელიც ისევ მის ინტერესებში შედის, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
პასუხად, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. გიორგი რურუასთვის განაჩენის გამოტანა კი სასამართლოს კომპეტენციაა, რაშიც ხელისუფლება ვერ ჩაერევა.
8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. ჩვენ შევასრულეთ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე... ისინი ხედავენ, რომ არჩევნებში შანსი აღარ აქვთ, - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე.