შეერთებული შტატების ორი ოფიციალური უწყება გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. ამერიკის ფინანსური უსაფრთხოებისა და ინდუსტრიის უსაფრთხოების ბიურო განცხადებაში წერს, რომ აშშ-სთვის ცნობილია იმ საეჭვო დერეფნების შესახებ, საიდანაც შესაძლოა, რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული პროდუქტი შედიოდეს.
ორი უწყება რამდენიმე საეჭვო ქვეყანას ასახელებს, მათ შორის, სომხეთს, თურქეთსა და ყაზახეთს, ჩამონათვალში მოხსენიებულია საქართველოც.
დოკუმენტი 28 ივნისით თარიღდება და "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად დღეს გახდა ცნობილი ამ დოკუმენტის შესახებ.
ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოს უნდა დაეფიქსირებინა მკაფიო პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებზე. მათივე თქმით, იმ პირობებში, როცა ტვირთბრუნვაზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრებული არაა, კონტრაბანდის რისკი მაღალია.
"რისკ ჯგუფს ვუახლოვდებით, რაც თავისთავად, ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მისი საინვესტიციო კლიმატისთვის, ბიზნესისთვის. საქართველო დაემსგავსა გზააცდენილ მოზარდს, რომელიც ქუჩაში აღმოჩნდა, ხულიგნურად იქცევა და ის მიდრეკილია გარკვეული დარღვევებისკენ, ანცობისკენ, ცელქობისკენ და მან თუ ეს პოზა დროულად არ შეიცვალა, საბოლოოდ აღმოჩნდება სახელმწიფოთა იმ ჯგუფში, რომელიც შეიძლება მოყვეს სანქციების ქვეშ", - ამბობს ყოფილი დიპლომატი გიორგი ფანიაშვილი.
დოკუმენტი უკვე ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყანა პოტენციურ ე.წ შავ ხვრელად მოიაზრება აშშ-სთვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარტნიორები ახლა გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან და გამკაცრდება როგორც ფინანსური ასევე საბაჟო მონიტორინგი.