გავრცელებული ინფორმაციით ბორის ჯონსონს კავკასიელი წინაპრები ჰყავდა, მისი ბაბუა წარმოშობით ჩერქეზი იყო. თავად ბორის ჯონსონი 1964 წელს ნიუ იორკში დაიბადა, როგორც მისი მასწავლებლები და ოჯახის წევრები იხსენებენ პატარა ჯონსონს ერთადერთი ოცნება ჰქონდა, მას სურდა სამყაროს მეფე გამხდარიყო.
სკოლაში პრინც უილიამსა და ჰარისთან ერთად სწავლობდა, ოქსფორდში კი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან დევიდ კამერონთან ერთად, მაგრამ მისი პოპულარობის მთავარ მიზეზად მაინც სახასიათო იმიჯი და უჩვეულო ვარცხნილობა იქცა.
ბორის ჯონსონი აუდიტორიამ მისი ჟურნალისტური საქმიანობით გაიცნო. 90-იან წლებში მის პუბლიკაციებს დღიური გაზეთები ბეჭდავდნენ.
2001 წელს ის კონსერვატიული პარტიიდან ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. 2008 წელს კი ბორის ჯონსონი ლონდონის მერი გახდა, მან არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. ჯონსონს ეკუთვნის ლონდონში ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო საშუალების დანერგვის ინიციატივა. ლონდონში ველოსიპედების გაქირავების სისტემას ახლაც „ბორისის ველოსიპედები“ ჰქვია.
ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერი ტერეზა მეი 2019 წელს შეცვალა. ჯონსონს განსაკუთრებული წვლილი აქვს ბრექსიტის პროცესში. პოლიტიკოსს სწამდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან უნდა გასულიყო და განვითარება ინდივიდუალურად გაეგრძელებინა.
საბოლოოდ ასეც მოხდა, ბრიტანეთი ევროკავშირს სწორედ ჯონსონის პრემიერობის დროს გამოეყო მან კი ამ პროცესს ახალი დასაწყისი უწოდა.
ბრიტანეთის პრემიერი უცხოელ კოლეგებთანაც ღიად და თავისებურად ურთიერთობდა. მაგალითად მაშინ, როცა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტბაზე ნავით გაასეირნა.
ჯონსონი საერთაშორისო საზოგადოებამ მსოფლიო დონის პოლიტიკურ ფიგურად მას შემდეგ ცნო, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და მან უკრაინელი ხალხის მხარე დაიჭირა და ბოლომდე მათ გვერდით დარჩა.
ომის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას თითქმის 8 მილიარდის შეიარაღება გამოუყო - იმაზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა, ან აშშ-მ. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაათავისუფლა უკრაინული საქონელი გადასახადებისგან, ბორის ჯონსონი კი ევროპელი ლიდერებიდან პირველი ჩავიდა კიევში. ომის პერიოდში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიტით 2-ჯერ იმყოფებოდა.
ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი 7 ივლისს დატოვა, მას უნდობლობა საკუთარმა გუნდმა გამოუცხადა.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება თუ რატომ მოუწია ბრიტანეთის პრემიერს გადადგომა. ყველაზე გავრცელებული ვერსია პანდემიას ეხება. ბრიტანული მედია წერს, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების პერიოდში ბორის ჯონსონი ერთმანეთის მიყოლებით აცდენდა საგანგებო სხდომებს, არ იყენებდა პირბადეს და უფრო მეტიც, ბრიტანელი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ლოქდაუნის პერიოდში, როცა გადაადგილება აკრძალული იყო ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა.
წვეულებას 30 თანამდებობის პირი ესწრებოდა და ყველა მათგანი დააჯარიმეს. ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პირველი პრემიერია, რომელიც კანონდარღვევაში თანამდებობაზე ყოფნის დროს ამხილეს, მან ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
ჯონსონი პრემიერის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, სანამ კონსერვატიული პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს, რომელიც ქვეყნის პრემიერიც გახდება. სავარაუდო კანდიდატების სია BBC-მ უკვე გამოაქვეყნა, ის 13 ადამიანისგან შედგება. სიის სათავეში რიში სუნაკია, ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენა.
სიის მეორე ნომერი კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი. ის ცნობილია თავისი შეუვალი და რადიკალური დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ, სწორედ ლიზ ტრასი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთისა და მისი ოლიგარქებისათვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ვინც არ უნდა ჩაანაცვლოს ის, მთავარი - ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ შეიცვლება. უცნობია გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ კარიერას ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, მაგრამ ფაქტია, რომ თავისებური ხასიათისა და გარეგნობის ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში მსოფლიოს მეფობა სურდა ისტორიაში უკვე ჩაიწერა, როგორც ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ლონდონის ყოფილი მერი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი და რაც მთავარია რუსეთის ომში უკრაინის მთავარი, პრინციპული და ერთგული მხარდამჭერი.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი