
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ოლქის დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს იერიში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღით არის შესაძლებელი.
"მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთი თავს დაესხა: მიკოლაევს, ხარკოვს, კრივოი-როგს, ზაპოროჟიეს... მან დარტყმები განახორციელა სწორედ დასახლებულ სექტორზე, აბსოლუტურად განზრახ, მიზანმიმართულად ურტყამდა ჩვეულებრივ სახლებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანებს. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები. რუსული არტილერიის სასტიკი თავდასხმები ერთი დღითაც არ წყდება დონბასში - სლავიანსკის მიმართულება, ბახმუტი, ავდეევკა... ასეთი ტერორისტული ქმედებების შეჩერება მხოლოდ თანამედროვე და მძლავრი იარაღით არის შესაძლებელი", - თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის თავდაცვითი დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის.
"დამატებითი HIMARS სისტემები და სხვა ზუსტი იარაღი საშუალებას გვაძლევს, გადავდგათ ზუსტად ანტიტერორისტული ნაბიჯები, საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ დარტყმები მათი რაკეტებით ჩენს ცოცხალ ადამიანებზე", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.