ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგროვას თქმით, სიცრუეა მმართველი პარტიის განცხადებები თითქოს, მოლდოვას კანდიდატის სტატუსი "ავანსად" მისცეს.
ამასთან დაკავშირებით გრეგოროვამ ინტერპრესნიუსთან ისაუბრა. მისი განცხადებით, აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მიანიჭეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის დასავლეთის პირობა არა ომში ჩართვა, არამედ რეფორმების გატარებაა.
"ვწუხვარ, რომ ეს სიტყვები მესმის. ეს მამწუხრებს, რადგან აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ცხადია, რატომ არ მივეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ეს დაწერილია. ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ბევრი დაძაბულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი პროგრესი, იყო უფრო მეტად რეგრესი, სწორედ ამიტომ მივიღეთ რეზოლუცია მედიამდგომარეობასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტები შავდებიან, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და ა.შ. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან შემდეგ არის სასამართლო სისტემის რეფორმა, ოლიგარქების პრობლემა. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ - იმიტომ არა, რომ ის ომის სამიზნეა. მხოლოდ ეკონომიკა რომ ყოფილიყო, ჩვენ არ უნდა მიგვეცა მისთვის კანდიდატობის სტატუსი, რადგან სინამდვილეში ეს მეტ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვეძლო მათ უბრალოდ ფინანსური სახსრებით ეკონომიკურად დავხმარებოდით, თუმცა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რადგან მას ჰყავს ძალიან პროევროპელი პრეზიდენტი, პროევროპული ხელისუფლება და პროევროპული პარლამენტი და ეს ჩვენ ვერ დავინახეთ საქართველოში.
იყო დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სურდა, თუმცა არ იყო არანაირი ნაბიჯი და ჩვენ მხოლოდ ვისმენდით, რომ ევროპარლამენტარები იტყუებიან. აბსოლუტურად უცნაურია იმის განცდა, რომ ჩვენ მხოლოდ გავცემთ, მხოლოდ გავცემთ და ვერასდროს ვიღებთ რაიმეს სანაცვლოდ. ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობა პარტნიორობაა და არა ჩვენი გამოყენება, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ არ მოხდა საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება, მაგრამ შემდგომი რეფორმების პირობებით და არა ომთან შეერთების პირობით...
ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველო უკვე იმყოფება ომში რუსეთთან, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ოკუპირებულია და ამას ყოველ ჯერზე ვგმობთ ყველა რეზოლუციაში. ასე რომ, მე მძულს ამ განცხადების მოსმენა, ნამდვილად მამწუხრებს, რომ საქართველოში ზოგიერთი ადამიანი შეიძლება მართლა ფიქრობდეს ასე, რადგან საუბარი არ ეხება ომთან შეერთებას, ჩვენ არ გვსურს, რომ ომს შეუერთდეთ, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირს შეუერთდეთ, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯები და რეფორმები საქართველოს ხელისუფლებისთვის და არა რუსეთისთვის", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.
ცნობისთვის, ევროკომისიის საბჭოს საფუძველზე ევროსაბჭომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, საქართველოს კი არა. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება "წამახალისებელი ავანსია", რადგან უკრაინა ომშია, მოლდოვა კი სამიზნე.
გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "საქართველო დაიჩაგრა, რადგან ომის მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა".