ნიკა მელია საკონსტიტუციო სასამართლოს იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას სთხოვს, რის გამოც მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა მელიას საქმის განხილვას იწყებს. ოპოზიციის ლიდერი პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც კოლეგებმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვეს.

„სანამ გასაჩივრების შესაძლებლობა ამოწურული არ არის, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად არ ითვლება და მიუხედავად ამისა, პარლამენტარებმა, „ქართული ოცნებიდან“, მიიღეს ეს უკანონო გადაწყვეტილება. მე ახლა სააპელაციო სასამართლოში რომ მოვიგო სარჩელი, რომელიც შევიტანე და ვასაჩივრებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომ გავმართლდე, არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც მე დამაბრუნებს უკან პარლამენტში... საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე მე პარლამენტში ვერ ვბრუნდები. მე მინდა, მკაფიოდ ვთქვა, არანაირი სურვილი მე პარლამენტში დაბრუნების არ მაქვს და არ მინდა, ვიყო კოლეგა იმ ადამიანების, რომლებისთვისაც არის პროზაული, მიიღონ უკანონო გადაწყვეტილება(ქართული ოცნების დეპუტატებს). მაინტერესებს, რა დოზით არის საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული ბიძინა ივანიშვილის გავლენა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკანონოა კანონმდებლების ვერდიქტი, რადგან ჯერ სასამართლოს ყველა ინსტანციამ უნდა დაადგინოს ნიკა მელიას ის დანაშაული, რომლის გამოც მას დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს. სწორედ ამიტომ ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოში საია-სთან ერთად გაასაჩივრა პარლამენტის დადგენილება.

„პარლამენტმა პოლიტიკური მოტივაციით, პოლიტიკური ლიდერის აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით, მას შეუწყვიტა უფლებამოსილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მაშინ, როდესაც აღნიშნული განაჩენი არ არის საბოლოო და ექვემდებარება სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრებას. იმ შემთხვევაში, თუკი ზედა ინსტანციაში აღნიშნული განაჩენი შეიცვლება, არ არსებობს არანაირი ბერკეტი ნიკა მელიასთვის მანდატის აღსადგენად“, - განაცხადა ადვოკატმა.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა.

შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო შეუჩერა მას პარლამენტმა მანდატი.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუ“ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი