პოლიტიკურ ძალას აქვს დაუოკებელი სურვილი, რომ საკუთარ ლიდერად წარმოაჩინოს გიორგი რურუა. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ამ სურვილს და შეუძლიათ ასე გააგრძელონ - ეს მმართველი პარტიის პასუხი იყო ოპოზიციის საგანგებო განცხადებაზე, სადაც ხელისუფლების ოპონენტები 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. "ქართული ოცნება" დღესაც თავს იმართლებდა და ისევ ოპოზიციას დაესხნენ თავს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა ოპონენტებს სურდათ და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარიც ამის დასტური იყო.
თუმცა პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს დღეს აღარ უხსნებია, რომ იგივე მოთხოვნა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
ის რაც 8 მარტის შეთანხმების მთავარმა მომლაპარაკებელმა დიპლომატმა დიპლომატიური ენით თქვა, საგანგებო განცხადებაში პირდაპირ დაწერა 19 ოპოზიციურმა პარტიამ. ოპოზიცია ითხოვს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უნდა შეწყიტოს. პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება კი დღის წესრიგდან არ მოხსნილა.
ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს ისიც შეახსენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მისი დამსახურება არ არის. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, ოპოზიციამ და საერთაშორისო პარტნიორებმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მასთან არცერთ ეტაპზე არ დათმეს.
პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებაზე უმრავლესობა კატეგორიულ უარს ამბობს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია რომ რურუას გამოშვებაც ისევე მოუწევს "ოცნების" ხელისუფლებას როგორც ეს პოლიტპატიმარ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა.