
უკრაინელი ოლიგარქი რინატ ახმეტოვი მედია ბიზნესს ტოვებს. გადაწყვეტილება ოლიგარქების შესახებ კანონის ძალაში შესვლითაა ნაკარნახევი. ახმეტოვი ამ კვირაში „მედია ჯგუფ უკრაინას" სახელმწიფოს გადასცემს მასში შემავალი ტელეარხებისა და ბეჭდური მედიის ლიცენზიებით. შეჩერდება ონლაინ მედიის საქმიანობა.
შესაბამისი განცხადება ახმეტოვმა თავად გაავრცელა:
"მივიღე იძულებითი გადაწყვეტილება, გამომეყვანა ჩემი საინვესტიციო კომპანია SCM მედია ბიზნესიდან. ამ კვირაში Media Group Ukraine უარს იტყვის ჩვენი არხების ყველა სამაუწყებლო და სატელიტური ტელევიზიის ლიცენზიაზე და ბეჭდური მედიის ლიცენზიაზე უკრაინაში სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასევე შეწყვეტს ონლაინ მედიის საქმიანობას.
მედიის აქტივების გაყიდვისთვის კანონით განსაზღვრული მოკლე ექვსთვიანი ვადა და რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არ აძლევს SCM-ს საშუალებას, გაყიდოს მედია ბიზნესი საბაზრო პირობებით" ნათქვამია განცხადებაში.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მედიაჰოლდინგში განხორციელებულმა ინვესტიციებმა $1,5 მილიარდს გადააჭარბა. დასაქმებული იყო 4000-მდე თანამშრომელი.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ოლიგარქების შესახებ.
კანონის მიხედვით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს სულ მცირე სამ კრიტერიუმს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე; არის საწარმოს ან კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი, რომელიც არის მონოპოლისტი ბაზარზე და ინარჩუნებს, ან აძლიერებს თავის პოზიციას; ფლობს აქტივებს და ბიზნეს სუბიექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2 მილიარდ 270 მილიონ გრივნას