გორის მერი შტატების შემცირებას აპირებს | ლადო ხინჩეგაშვილის რეორგანიზაციის 9-პუნქტიანი გეგმა

გამოქვეყნდა:

გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი მერიაში რეორგანიზაციას გეგმავს, რაც შტატების შემცირებასაც გულისხმობს. ამის შესახებ ნათქვამია რეორგანიზაციის 9-პუნქტიან გეგმაში, რომელიც მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ რიგში, იურიდიული დოკუმენტებში ცვლილებები 9 აგვისტომდე უნდა შევიდეს. ამავე პერიოდში შემუშავდება საშტატო ნუსხები.

გთავაზობთ ლადო ხინჩეგაშვილის გეგმას უცვლელად:

  1. ,,რეორგანიზაციის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი დაიწყოს 2022 წლის 9 ივლისიდან და გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.
  2. შემუშავებულ ინას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი, ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს სხვა დადგენილებების პროექტები.
  3. პროექტები წარდგენილ იქნას საკრებულოსთვის განსახილველად 2022 წლის 9 აგვისტომდე გადაწყვეტილების მისაღებად.
  4. რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე – არაუგვიანეს 2022 წლის 9 აგვისტოს, განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია (ასეთი არსებობის შემთხვევაში) და ეცნობოთ მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები.
  5. შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელეების მობილობა განხორციელდეს მერიაში ტოლფას თანამდებობაზე არაუგვიანეს 15 აგვისტოს. ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას, სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფასთანამდებობაზე მობილობის განხორციელების მიზნით. არაუგვიანეს 2022 წლის 17 აგვისტოს, ეთხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების მოძიების თაობაზე.
  6. სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი თანამდებობის არსებობის შემთხვევაში შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების მობილობის საკითხი. არა უგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოს შეთანხმებულ იქნეს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან.
  7. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ მოხელის მობილობის წესით დანიშვნაზე თანხმობის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 5 სექტემბრისა, აღნიშნული ინფორმაცია შეთანხმებულ იქნეს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.
  8. მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე გათავისუფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან, მიეცეს კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვრში. აღნიშნულის თაობაზე ბრძანება გამოიცეს არაუგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბრისა და ძალაში შევიდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
  9. საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებში, ამავე სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 9 სექტემბერი. შესაბამისად, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, რეორგანიზაცი დასრულდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი