დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება შტურმი საქართველოზე - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას გამოეხმაურა და თქვა, რომ განცხადება "მნიშვნელოვანი და დროული იყო".

გარდა ამისა, პაპუაშვილმა თქვა, რომ სიტყვა დეოლიგარქიზაციის გამოყენებით საქართველოზე შტურმი მიმდინარეობს და იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა.

პაპუაშვილმა ქართულ პოლიტიკაზე ვერც ივანიშვილის გავლენა ვერ გაიხსენა:

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდი არის ის, რომ ამ დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ - ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა.

ვერავინ ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა, რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. თქვენ რა გგონიათ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა გვქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი, აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, რაც არის თეთრი, ის ვერასდროს გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერასოდეს გახდება ოლიგარქი", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს ევროკომისიის რეკომენდაციებს მე-13 პუნქტი დაუმატოს და ეს "არის პირდაპირი საბოტაჟი 12 პრიორიტეტის შესრულებისა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი