საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადების ნაწილი ქართუდან მის წასვლაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ. წერილში მოტანილი ქართუდან წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება", - ამბობს კვირიკაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ 2012 წლამდე, "ქართუს" ბევრმა წარმომადგენელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყანაც დატოვა. ასეთებად ღარიბაშვილმა კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი [ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დაასახელა], თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "კადრების დეფიციტის გამო, ბიძინა ივანიშვილმა მათ პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს, ახალ მთავრობაში მიიწვია:
"იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია" - დაწერა ღარიბაშვილმა