რეგულაციები ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ქალთა კვოტირება - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დამტკიცდა

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა - 94 მომხრე და ერთი წინააღმდეგი.

ცვლილებების მიხედვით, დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები - ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის გავრცელება და დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.

კანონპროექტის თანახმად, მტკიცდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დამოკიდებული იქნება არჩევნებში მიღებული ხმების საერთო რაოდენობაზე. მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები.

პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე  თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი.

ასევე, ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.

მედიასაშუალებას საარჩევნო უბანში ნაცვლად სამისა, ორი წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციური პარტიების გარდა, დებატებში მიიწვიოს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციური სუბიექტებიც.

საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება - თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი