ნიკა მელია სასამართლოს დაუმორჩილებლობას უცხადებს

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია სასამართლოს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის მოსამართლე ვეფხია ლომიძის განაჩენს არ დაემორჩილება.

ეს განცხადება ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან გააკეთა, სადაც დღეს სწორედ მის საჩივარს განიხილავენ.

ოპოზიციის ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც კოლეგებმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვეს. ნიკა მელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას სთხოვა, რომ გადაწყვეტილება მის საჩივართან დაკავშირებით 190 მარტამდე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოაცხადონ.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს ვეფხია ლომიძემ, მე იმას არ დავემორჩილები. არ დავემორჩილები იმიტომ არა, რომ უბრალოდ არ ვენდობი სასამართლო გადაწყვეტილებას, უბრალოდ გავაპროტესტებ სასამართლოს არ არსებობას. იქნება პატიმრობა გამოტანილი ვეფხია ლომიძის მიერ, არ დავემორჩილები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ განმარტა, თუ რატომ არ დაემორჩილება მოსამართლის გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას შეფასებით, ვეფხია ლომიძე ივანიშვილის ვერდიქტს გაახმოვანებს და სწორედ ამიტომ გეგმავს ოპოზიციონერი ლიდერი დაუმორჩილებლობას.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა.

შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო შეუჩერა მას პარლამენტმა მანდატი.

შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის „ბანკი ქართუ“ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი