
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის განბლოკვაზე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.
როგორც კულება, El Pais-სთან ინტერვიუში ამბობს, ამ ეტაპზე აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.
"რუსეთთან შეთანხმებას ორი ნაბიჯი გვაშორებს. აუცილებელია რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარება. ჩვენ ფინალურ ფაზაში ვართ და ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუ ნამდვილად მოინდომებენ, მალე მარცვლეულის ექსპორტი დაიწყება", - ამბობს კულება.
მისივე თქმით, მხოლოდ ერთ პოტენციურ მიზეზს ხედავს, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა, შეიცვალოს თავისი პოზიცია მარცვლეულის ბლოკადასთან დაკავშირებით.
"მათ სურთ აჩვენონ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს, რომ სურთ გადაარჩინონ ისინი საკვების ნაკლებობისგან, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რუსეთს არ აინტერესებს უკრაინის ექსპორტი, რადგან მათ იციან, რომ თუ ჩვენ გავიტანთ ექსპორტს, შემოსავალს მივიღებთ საერთაშორისო ბაზრებიდან და ეს გაგვაძლიერებს", - ამბობს დმიტრო კულება.
ასევე, კულებამ დაადასტურა 13 ივლისს სტამბოლში ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამართვა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე უკრაინის, თურქეთის, გაეროს და რუსეთის მონაწილეობით.