მოსახლეობის პროტესტის პარალელურად, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ისვენებს. ირკვევა, რომ ის შვებულებაშია.
დღეს "ოცნებას" წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს ატენში, სადაც ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
რაც შეეხება ქალაქის ცენტრს, მე-5 დღეა გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. მოვაჭრეები ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან. მათ სოლიდარობას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უცხადებენ, ადგილზე იყო "გირჩი მეტი თავისუფლება", ასევე "ლეიბორისტული" პარტიიდან ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც თავადაც დახლი გაშალა.
"მერამდენე შვებულება აქვს ჩვენ მერს და რითია გადაღლილი, ძალიან მაინტერესებს, მერამდენე, ამ წელიწადში რამდენი შვებულება აიღო კაცო, სად წავიდა, რითი დაიღალა, გარემოვაჭრეების ყვირილით დაიღალა?!" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერმა მათი ტკივილი უნდა გაიზიაროს, რადგან ის ხალხის არჩეულია.
"მე დღეს სიმბოლურად, გარემოვაჭრეების სოლიდარობის ნიშნად თავადაც გავხდი გარემოვაჭრე, კეთილი ინებონ, დაადგინონ წესები, რომლის მიხედვითაც გარემოვაჭრეებს შიმშილისთვის კი არ გაწირავენ, არამედ ნორმალური წესების ფარგლებში მისცემენ საშუალებას ოჯახები არჩინონ", - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ გივი ჯალაბაძე, რომელიც გორის ახალი ბაზრის მესაკუთრეა ხელისუფლების მხარდამჭერია, გარდა ამისა, იქ მოსახლეობა არ დადის, რის გამოც ადგილის შეცვლა არ სურთ.