"ქართული ოცნება" კიდევ ორმა, ასპინძისა და ადიგენის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ამის შესახებ მათ პოსტი Facebook-ზე გაავრცელეს.
ასპინძის საკრებულოს წევრის, გია ჭელიშვილის თქმით, რთულია ჩუმად უყურო "როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები". ის ევროპარლამენტარებს ენმ-ს მფარველებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს.
"ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები.
იყო ნაც მოძრაობის მფარველი და ეხმარებოდა მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაც მოძრაობა. ეს იყო - დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.
დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ.
ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას", - წერს ჭელიშვილი.
მისივე განცხადებით, პარტიასთან ერთად ტოვებს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობასაც, რათა "თავისუფლად შეძლოს" საუბარი.
ადიგენის საკრებულოს წევრი იმედა მღებრიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკომისია უსამართლოდ მოექცა. მისი თქმით, უკან დასახევი თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი აქვს.
"ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.
ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - წერს მღებრიშვილი.
"ოცნება" რეგიონებში სხვა საკრებულოს წევრებმაც დატოვეს.