პარტნიორებმა ვერ დაინახეს ხელისუფლების მხრიდან EU-ს კანდიდატობისთვის აუცილებელი რეფორმების გატარების სურვილი - "ლელო" შეფასების 2023 წლისთვის გადადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასების 2023 წლისთვის გადადებას "ლელო" სპეციალური განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნებამ" საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა დააკარგინა.

პარტიის შეფასებით, ევროპელმა პარტნიორებმა ვერ დაინახეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მზაობა და სურვილი გაეტარებინათ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმები, რამაც  გამოიწვია საქართველოს კანდიდატობის საკითხის გაჭიანურება და გადადება გაურკვეველი ვადით: 

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს დააკარგინა ისტორიული შესაძლებლობა მოეპოვებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რამაც გადაწყვეტილების მიღების გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია.

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა ძალისხმევა გაეღო უნიკალური ისტორიული მომენტის გამოსაყენებლად, დაბრუნებულიყო 19 აპრილის „მიშელის შეთანხმებაში“ და დროულად გაეტარებინა ყველა კრიტიკული რეფორმა, ხელისუფლებამ განაგრძო პოლარიზაციის გაღრმავება, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ევრო-ატლანტიკური პოლიტიკური სტრუქტურებისადმი აგრესიული რიტორიკის წარმოება.

შედეგად, საქართველოს პარტნიორებმა მმართველ გუნდში ვერ დაინახეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმების გატარების ვერც სურვილი და ვერც უნარი. სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს კანდიდატობის საკითხის გაჭიანურება და გადადება გაურკვეველი ვადით. მეტიც, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დღევანდელ მოსმენაზე სრულიად მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მოქმედი ხელისუფლების და ოლიგარქიის პირობებში, რომელიც წლების განმავლობაში არსებული მოწოდების მიუხედავად, უარს აცხადებდა კრიტიკული რეფორმების გატარებაზე, დეკემბერში საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს.

რამდენადაც ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პრო-ევროპული არჩევანი, რომლის განხორციელებასაც წინ ეღობება „ქართული ოცნების“ უუნარო, ანტიევროპული ხელისუფლების საზიანო კურსი, ევროპულმა კავშირმა გადადო საკითხის განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა. ეს კიდევ ერთი სრულიად პირდაპირი მინიშნება, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში.

ამ ვითარებაში, "ლელო" მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ევროკავშირის მიერ მოწოდებული 12 პუნქტის სათანადოდ და დროულად შესრულებაზე.

სწორედ ამ მიზნით, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს პარლამენტის საგანგებო სხდომას ევროკომისიის 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულების მიზნით." ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში.

როგორ ასრულებს საქართველო მისთვის გაწერილ 12 რეკომენდაციას - ევროკომისია შეფასებას 2022 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი