პოსტ ფაქტუმის ჟურნალისტი, გიორგი გვიშიანი ადასტურებს იმ აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც "ოცნების" პროპაგანდისტმა "უცნობმა გაასაჯაროვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არამხოლოდ უსმენს და უთვალთვალებს მედიას, ჟურნალისტებს, არამედ კონკრეტულ ოთახებში, კონკრეტული გადაცემების დაგეგმვასაც იწერს:
"რა თქმა უნდა სუს-ის ჩანაწერია და რა თქმა უნდა, აქ რაღაც არის დამონტაჟებული. ახლა გვჭირდება მოსაძებნი აპარატურა, რომლითაც უნდა მოვძებნოთ "ჟუჩოკი", წესით ასეა. იმ ოთხ ადამიანს, ვინც აქ იყო იმ წუთში, სიცოცხლეს ვანდობ ისე ვენდობი, არა მგონია, რომ აქედან იყოს გატანილი. სხვამ თუ დადო და მერე წაიღო, ის სხვაც მოქმედებდა სუს-ის დავალებით, სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს" ამბობს გვიშიანი და ამბობს, რომ დიდი ალბათობით მიმართავენ პროკურატურას.
"მთავარი არხის" იურისტს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს და ამბობს, რომ წესით პროკურატურას უკვე უნდა დაეწყო გამოძიება, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა მთავარი საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე დუმს:
"მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სუს-ის მიერ მოპოვებული უკანონო ჩანაწერი, რომელიც გაავრცელებინეს შემდეგ მის წარმომადგენელს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. არაერთხელ ყოფილა გაუგებარი წყაროების მხრიდან ვითომ ასე შემთხვევით მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება რაზეც საქართველოს ხელისუფლების საგამოძიებო ორგანოებს, რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. როდესაც დამკვეთი არის ხელისუფლება უკანონოო თვალთვალისა და მოსმენის, საგამოძიებო ორგანოები ცხადია არაფერს აკეთებენ" ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული.