სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება „ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ მიუღია.
"მინდა საზოგადოებისთვის გასაგები იყოს, რატომ მოვაწერე ხელი. ჯერ ერთი, მინდა ისიც იყოს ნათელი, რომ არცერთი „ბულინგის“ და არცერთი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, ეს ყველამ კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6-7 თვეში თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, ახლა გამართლებული არ არის შესვენება, კომიტეტები და კომისიებია ასევე გამართლებული.
მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია, დროულად მივიღოთ. ყველა საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ყოფნით უნდა იყოს გადაწყვეტილი. ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა ის ევროპული პერსპექტივაა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იქამდე, "ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესია საჭირო არ იყო და თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებდა და სესიას მოიწვევდა, კარგი არ იქნებოდა - "შეიძლება რაღაცა ზეწოლა, ბულინგი გაითვალისწინოს, რაც არ იქნება კარგი" - თქვა ვოლსკიმ.