"ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა..." | ენმ აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ დაწყებულ კანპანიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად ისმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც მათი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს.

ენმ პრობლემის მოგვარების გაზად "დეოლიგარქიზაციას" ასახელებს. ოპოზიციური პარტია შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი და შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციურ როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ.

სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს.

ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია - დეოლიგარქიზაცია.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა „არგუმენტებიც“ აქვს რუსეთს დასავლურ სამყაროს.

ეს „არგუმენტებია“ რომ თითქოს არსებობს „სუვერენული დემოკრატია“ „სუვერენული სასამართლო სისტემა“, რომლის მიერ არაადამიანური, არასამართლიანი, პოლიტიკურად მოტივირებული და ძალადობრივი გადაწყვეტილებების მიღება/აღსრულებაზე რეაგირება არ არის დასავლური სამყაროს კომპეტენცია.

ამავე გზავნილებით რუსეთი აკრიტიკებდა ე.წ. მაგნიტსკის სიას და ამავე „არგუმენტით“ რუსეთი აკრიტიკებს ყველა იმ დაწესებულ სანქციას, რომელიც ძალადობრივი სისტემის მომსახურე რუსი მოსამართლეების წინააღმდეგ გაიცა.

მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის. გამოვთქვამთ რწმენას, რომ მათ შორის შეერთებული შტატების დახმარებით, ქართველი ხალხი შეძლებს გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, მოიტანს ქვეყნის დეოლიგარქიზაციას და ქვეყნისთვის გააჩენს ახალ ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ქართველი ხალხი აუცილებლად შეძლებს, უახლოეს მომავალში ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც თავს არ დაესხმება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გაუფრთხილდება საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირესთან მეგობრულ ურთიერთობებს"- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბოლო დროს, კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც "ოცნებას" ე.წ. ტრიო გამოეყო. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის საერთო და ინდივიდუალურ განცხადებებში სწორედ დეგნანისა და ზოგადად აშშ-ს საწინააღმდეგო გზავნილები იკითხება.

დღეს კი ეს კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძის აღიარებითი განცხადება გავრცელდა. "ოცნება" და მისი პარტნიორი პოლიტიკოსები აშშ-ს საელჩოს ამჯერად მართლმსაჯულებაში ჩარევაში სდებენ ბრალს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი