გოგაშვილი სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის ბრალდება სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფაა. 

გოგაშვილის დაკავების შემდეგ, გონიოში მისი შვილის, ნინო გოგაშვილის სახლი გაჩხრიკეს, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიებები მობილური ტელეფონით გადაიღო. კადრების მიხედვით, მას ერთ-ერთი სამართალდამცველი ჩხრეკის განაჩენს აცნობს და ეუბნება, რომ ჩხრეკა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

სწორედ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას:

მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა

1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სპეცოპერაცია გოგაშვილის სახლში გვიან ღამით დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი