პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დაკავების ფაქტს "მორიგ სპექტაკლს" უწოდებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, დაკავება მისი შვილის მკვლელობას უკავშირდება და ამ გზით სახელმწიფო ცდილობს, სოსო გოგაშვილი გაანეიტრალოს.
"თუ ალაპარაკდა გოგაშვილი, ამათი საქმე კარგად არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი სპექტაკლი, ვითომ სპეცოპერაციით გოგაშვილი აიყვანეს, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. ქოციდან გაქცეულიც და ქოციც ერთი და იგივეა. მაჩალიკაშვილის საქმე სტრაბუსრგში უკვე ზღრუბლზეა მიმდგარი. ეს საქმე გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს. ეს არის მცდელობა სოსო გოგაშვილის იმ საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე გაჩუმების მცდელობა", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
სოსო გოგაშვილის დაკავებას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც გამოეხმაურა:
"ტყუილ უბრალოდ რომ შემომიცვივდნენ შუა ღამის 4 საათისთვის და მძინარე ბავშვი რომ ჩამიცხრილეს ლოგინში, სამართლიანი იქნებოდა რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ, მანამდე ვერ გაიგებენ ჩვენს ტკივილს. ტერორისტი მაგის მეუღლეა, ტყუილ-უბრალოდ მომიკლეს შვილი, არაფრის გამო. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. თავიდანაც ვხვდებოდით რომ ეს ასე იყო და ვერ აღიარებდნენ თავიანთ შეცდომას", - თქვა მედიკო მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. გოგაშვილი დაკავებულია, ამის ამსახველი კადრები მისმა მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის სახლში. ასევე, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც მისი მეორე შვილი ნიკა გოგაშვილი ცხოვრობს. პოლიციამ გაჩხრიკა გოგაშვილის მძღოლის სახლიც, ასევე სასტუმრო სიღნაღში. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები წაიღეს.
ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში ამბობენ, რომ გოგაშვილის დაკავება "არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება".
ამავე თემაზე: