სამართლებრივი ჩარჩო არავის არ აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს...შეკითხვას თუ რიტორიკული პასუხისთვის მისვამთ, ჩემი პასუხი ასეთია - გიორგი გახარია "მთავარი არხის" რეპორტაჟთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს და ამბობს, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალია და მის საქმიანობაში არავინ ერევა.
ოპოზიციას კი განსხვავებული პოზიცია აქვს. ხელისუფლების ოპონენტები საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაში აშკარა პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მიზანი კრიტიკული მედიისა და რესპოდენტების დაშინება და გაჩუმებაა.
ერთ მომზადებულ სიუჟეტზე საბოტაჟით მიმდინარე გამოძიება არის პირდაპირი ზეწოლა როგორც მედიასაშუალებაზე, ისე ქართული ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებზე - ამბობს ზაალ უდუმაშვილი
გარდა ამისა, სუს-ის მიმდინარე გამოძიებაში ოპოზიციის წარმომადგენლები საფრთხეს და მუქარას ხედავენ პოლიტიკოსების მისამართითაც და არ გამორიცხავენ, რომ ამის შემდეგ საკუთარ განცხადებებზე ახსნა-განმარტებების გაკეთება სუს-ში მათაც მოუწიოთ:
იმ აბსურდულ სისულელეებს რასაც ქართული ოცნება აკეთებს დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობასა, რომ პოლიტიკოსებსაც მოუწიოთ განმარტება საკუთარ პოლიტიკურ განცხადებებზე სუს-ში - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ - ასე აფასებს სახალხო დამცველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, "მთავარი არხის" რეპორტაჟთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას. ლომჯარია ამბობს, რომ სიუჟეტები სუს-ის საქმე არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.
სიუჟეტში რესპოდენტები საუბრობდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის მითითების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და შედეგად, კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდნენ.