ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოლქის ორი სოფელი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ რჩება. მისი თქმით, არის დასახლებები, რომლებიც რუსებმა რამდენჯერმე აიღეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ისინი ყოველ ჯერზე უკან გააბრუნეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

გაიდაიმ აღნიშნა, რომ გუშინ მტერმა ორი ავიადარტყმა განახორციელა - ოთხი რაკეტა დასახლებულ პუნქტებზე იყო მიმართული. ასევე, დაფიქსირდა სამი მასიური საარტილერიო შეტევა. ტერიტორია ოთხჯერ დაიბომბა ნაღმმტყორცნებიდან.

"რუსებს აქვთ ბრძანება, რომ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მივიდნენ, არაერთხელ განაცხადეს ამ დავალების შესრულების შესახებ, ჯილდოებიც მიიღეს მაგრამ საზღვარი მაინც ვერ გადალახეს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრი. ერთ-ერთი სოფელი უკვე რამდენჯერმე აიღო ოკუპანტმა, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი ყოველ ჯერზე უკან გააბრუნეს. ამის მიუხედავად, მტერი არ ჩერდება, ბრუნდება და მორიგ ზარალს განიცდის", - ამბობს სერგეი გაიდაი.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ "16 ივლისს რუსებმა ვერხნოკამიანკას მიმართულებით წინსვლა სცადეს, თუმცა ღირსეული წინააღმდეგობა მიიღეს, უკან დაიხიეს და შემდეგ პირადი შემადგენლობაც დაკარგეს".

გარდა ამისა, თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა რუს ოკუპანტებს ბელოგორვკას მახლობლად ჰქონდათ, თუმცა უკრაინელებმა ეს შეტევაც მოიგერიეს. გაიდაის თქმით, მტერი აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.

"მათ არ აინტერესებთ, იქნება თუ არა სიცოცხლე ამ დასახლებებში. მათი პროპაგანდისტული ტელევიზია თითქმის არ აჩვენებს სცენებს დანგრეული სოფლებიდან, მაგალითად პოპასნიანსკასა და გირსკას თემებიდან, რადგან იქ საჩვენებელი არაფერია. რუსებმა ისინი ფერფლად აქციეს", - თქვა ლუგანსკის გუბერნატორმა.

ცნობისთვის, გუშინ გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, დაეპყრო ლისიჩანსკი-ბახმუტის დამაკავშირებელი გზატკეცილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი