რიგგარეშე სხდომის ჩატარების ფორმალური ან შინაარსობრივი საფუძველი არ არსებობს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ამით ოპოზიცია საკუთარი შეცდომის გადაფარვას ცდილობს.

"მე პირადად მგონია, რომ რიგგარეშე სხდომის ჩატარების რაიმე ფორმალური ან შინაარსობრივი საფუძველი არ არსებობს. დღეს საკითხებს, რომლისგანაც შედგება ის 12 პუნქტი, სჭირდება რეალურად საკომიტეტო ან ანალიტიკური მუშაობა, იმისთვის, რომ მომზადდეს საკითხები პლენარულ სხდომაზე გასატანად და არ მგონია, რომ პლენარულ სხდომაზე გასატანად რომელიმე საკითხი მზად იყოს, ამას სჭირდება კონსულტაციებიც. უბრალოდ სახეზე გვაქვს მცდელობა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილისგან, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომა, როცა გაემიჯნენ მუშაობის პროცესს, რაც ხელისუფლებამ შესთავაზა, გადაფარონ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი კი ვარაუდობს, რომ ოცნება რიგგარეშე სესიის ჩასაგდებად მიზეზს მოიფიქრებს.

"რაღაც მიზეზს მოიფიქრებენ და იტყვიან, რომ ხვალ სხდომა არ გაიმართება, ან ქვორუმს არ შეგვიქმნიან ან კარებს ჩაგვირაზავენ და არ შეგვიშვებენ შიგნით, როგორც წინა რიგგარეშე სესიის დროს იყო. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელია", - თქვა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს. 

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა. ოპოზიციის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი