
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დაიწყო. დაწყებისთანავე პროკურატურამ სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების თქმით, საქმეში დევს გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია და პირადი საიდუმლოების შემცველი მასალები, რაც სხდომის დახურვის ლეგიტიმური საფუძველია.
ადვოკატის განცხადებით კი სხდომის დახურვის შუამდგომლობის მოტივი მხოლოდ ისაა, რომ ბრალდების მხარს არ სურს იოსებ გოგაშვილმა გააჟღეროს იმ უფლებების დარღვევის შესახებ, რაც მის სახლში, სპეცოპერაციისას განხორციელდა და სასამართლოზე ამ ეტაპზე საიდუმლო ინფორმაციაზე არ მსჯელობენ, შესაბამისად აღკვეთის სხდომის დახურვა, ადვოკატის თქმით, უსაფუძვლოა.
ცნობისთვის, პროკურატურა გოგაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს - 50 000 ლარს შესთავაზებს.
გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ, 17 ივლისს წარუდგინეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს გვიან ღამით საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.
ამავე თემაზე: