სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 13:00 საათზე იმსჯელებს. გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარედგინა. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის ნაწილში საუბარია, 2021 წლის თებერვალში ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ინტერვიუზე, რა დროსაც ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ სოსო გოგაშვილს, ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებზე, კონსტანტინ რომანოვსკისა და დავით ადამიაზე ჰკითხა. ერთ-ერთი მომჩივანი, სწორედ კონსტანტინ რომანოვსკია, რომელიც სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაში სდებს ბრალს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მუხლს, ადვოკატი ამბობს, რომ გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს და მასალები მას სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს ჩაუდეს, ამის მოწმე კი გოგაშვილის ოჯახის წევრები არიან.
"ამ ფაქტზე სოსო გოგაშვილი უთითებს, რომ ამ მტკიცებულებების, როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონული სახით, ჩადება მოხდა. ამის შემსწრეა მისი მეუღლე, მან უშუალოდ დაინახა, როგორ მოხდა ამ დოკუმენტების და მეხსიერების ბარათების ჩადება. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ის უთითებს, რომ არავითარი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მას სახლში არ ჰქონია", - თქვა დიმიტრი ღონღაძემ.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს გვიან ღამით საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს - 50 000 ლარს შესთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.