
ის არის ვაჟკაცი, გმირი და არის პოლიტპატიმარი - ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას. თეა მარტყოფლიშვილის თქმით, მისი ქმრის წინააღმდეგ საქმე, პოლიტიკურად მოტივირებულია:
"ეგენი არიან რუსი ოცნების პროკურორები და რუსი ოცნება ყველანაირად ცდილობს დახუროს სასამართლო პროცესი, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. სოსო გოგაშვილმა როცა თქვა, რომ ვამხელ, ესე იგი, იქნება მხილებული, ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ", - თქვა თეა მარტყოფლიშვილმა.
ცნობისთვის, გოგაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურის შუამდგომლობით მოსამართლემ სხდომა დახურა. უწყება გოგაშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს - 50 000 ლარს შესთავაზებს.
გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ, 17 ივლისს წარუდგინეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მას სამ ეპიზოდს ედავება, მათ შორისაა პირადი მონაცემების ხელყოფა, უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს გვიან ღამით საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა.